არც ერთ ეტაპზე არც ივანიშვილისგან, არც კობახიძისგან და არც ქართული ოცნების მესვეურებისგან ჩვენ არ მოგვისმენია პოლიტიკური ნების გამოხატვა, რომ ეს სია არ გავა. უფრო სწორად, სიის გასვლა-არგასვლა კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს არ დარჩება სასამართლო, - ამბობს”პარლამენტის წევრი "ევროპული საქართველოდან", სერგი კაპანაძე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს.
„ჩვენ მოვისმინეთ რაღაც ტექნიკურ დეტალებზე, რომ კრიტერიუმები იქნება დამუშავებული - იმ მიზნით, როგორც ჩანს, რომ ამ სიაში არსებული მოსამართლეების დიდი ნაწილი ახალ კრიტერიუმებს მოარგონ და უფრო უკეთ იყოს გამართლებული ამ ხალხის უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესება. საუბარია მოსამართლეებზე, რომლებიც ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩვეულებრივი ყურმოჭრილი მონები იყვნენ ივანიშვილის და მის ყველა დავალებას ასრულებდნენ. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებისთვის სასამართლოს ხელში ჩაგდება არის დამღუპველი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“,- ამბობს კაპანაძე.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იუსტიიის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ არ გამორიცხა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ წარდგენილ სიას მხარი არ დაუჭიროს, რის გამოც უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეთა კანდიდატურები ჩავარდება. კობახიძის თქმით, შემუშავებული იქნება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ისეთი პროცედურა, რომელსაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება. კობახიძის თქმით, ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი მოსამართლეთა განახლებული სია.
2018 წლის 4 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
მოსამართლეთა სიამ მმართველ გუნდში დაპირისპირება გამოიწვია.