ოპოზიციის ნაწილის გარკვეული მოთხოვნები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნება. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილებების საზოგადოებრივი განხილვის კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე იქნება მიღებული. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც საკონსტიტუციო კომისიის ოფისში შეხვედრები გამართა ახალ მემარჯვენეებთან და მრეწველებთან.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მათ მოისმინეს ოპოზიციის შენიშვნები და მიიჩნევს, რომ გარკვეული მათგანი არის არგუმენტირებული. შესაბამისად იმედოვნებს, რომ აღნიშნული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება. ასეთ შენიშვნად დაასახელა კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე მთავრობის ანგარიშვალდებულების გაძლიერების საკითხი პარლამენტთან მიმართებაში.
საკონსტრიტუციო პროექტში რა ფორმით აისახება ეს შენიშვნები ბაქრაძეს არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, შემაჯამებელ სხდომაზე ყველა საკითხი იქნება განხილული და გადაწყვეტილება ამ სხდომაზე იქნება მიღებული.
რაც შეეხება ერთ-ერთ მთავარ საკითხს კონსტიტუციაში ორგანული კანონის ცნების დაბრუნებასთან დაკავშირებით ბაქრაძე აცხადებს, რომ მისთვის ოპოზიციის არგუმენტები მისაღები და გასაგებია, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ "აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება შემაჯამებელ სხდომაზე იქნება მიღებული" და ახლა კონკრეტულად იმის თქმა, იქნება თუ არა გათვალისწეინებული შეუძლებელია.
საკონსტიტუციო ცვლილებების საზოგადოებრივი განხილვის კომისიის შემაჯამებელი სხდომა დაგეგმილია ორშაბათს, 13 სექტემბერს.