არსებული ინფორმაციით, თბილისში წუხელ ერთი ადამიანი დაჭრეს. დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი პეკინის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მეზობლებმა იპოვეს.
როგორც მათ 1TV-ს განუცხადეს, გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე ეზოში ხმაური გაიგონეს. მეზობლების თქმით, დაშავებული მამაკაცი სავარაუდოდ მათ კორპუსში მცხოვრები არ არის. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ ახალგაზრდის დაჭრის ფაქტი სხვა ადგილას მომხდარიყო და არა მათი კორპუსის ეზოში.
მეზობლების განცხადებით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.
ინფორმაციის გადასამოწმებლად პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.