ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად, ბათუმში რამდენიმე სახლის სახურავი დაზიანდა.
ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთასთან ქარმა ცხრასართულიანი სახლის სახურავი მოგლიჯა. გადმოვარდნილი სახურავის ფრაგმენტების დაცემის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ბათუმის მერიის წარმომადგენელი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.
ქარის შედეგად ქალაქში რამდენიმე განათების ბოძი და ხე-მცენარეც დაზიანდა. მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებულნი. უკვე დაიწყო დაზიანებული სახურავების დროებითი გადახურვის სამუშაოები.