პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით მათ შენიშვნებს არ გაიზიარებს. ამის შესახებ განცხადება ირაკლი ალსანიამ დღეს საკონსტიტუციო კომისიაში დაბით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"როგორც ჩანს, ჩვენი შენიშვნები გაზიარებული არ იქნება და უმრავლესობა ამ პროექტს გაიტანს. მაგრამ ჩვენი ამოცანა იქნება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე უმცირესობაში დავტოვოთ ნაციონალური მოძრაობა და ამით შეუშალოთ ხელი სააკაშვილის პრემიეროვბას" - განაცხადა ირაკლი ალსანიამ. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად მათი შენიშვნების არგაზიარებისა ასეთ შეხვედრებს ყოველთვის აქვს აზრი და საჭიროა ამ შეხვედრების გამართვა.
"ყველა უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ ქვეყნისათვის საჭირო საკითხები მხოლოდ დიალოგით უნდა წყდებოდეს და სხვანაირად ვერ გადაწყდება", - აცხადებს ალასანია, თუმცა იგი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს იყო პირველი და ბოლო შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და ხელისუფლებასთან შეხვედრებს აღარ აპირებს.
რაც შეეხება მისი პარტიის პოზიციას, თავად ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ძალა მხარს უჭერს შერეულ საპარლამენტო მოდელს ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტის და ძლიერი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებით. ხელისუფლების მოდელში კი ყველაზე ძლიერი არის პრეზიდენტი და შეთანხმება სწორედ ამ პრინციპებთან დაკავშირებით ვერ ხერხდება.
მეორე პრინციპული სხვაობა კი ალასანიას თქმით, " ის არის, რომ ეს არის მცდელობა სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის საკუთარ ინტერესებთან მორგების და კონსტიტუციის ინსტრუმენტად გამოყენება ხელისუფლებაში დარჩენისათვის".