ქართულ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის შესვლის საკითხი არასდროს მოუხსნია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძე ეუთოს გენერალურ მდივანთან მარკ ტერინ დე ბრიშამბოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ეუთოს მისიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის საკითხი არასდროს მოგვიხსნია და საბერძნეთის თავმჯდომარეობის დროს მომზადებული გეგმის განხორციელებაც რეალური იყო, თუმცა მას რუსეთმა ვეტო დაადო. რის გამოც ეუთოს მისია შეწყდა", - განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, როგორც ბრიშამბომ აღნიშნა, ეუთო ყოველთვის მოხარული იქნება საქართველოს კონფლიქტურ რეგონებში დაბრუნდეს და თავისი მანდატი აღიდგინოს.
"ჩვენს ინტერესებში შედის ეუთოს მანდატის აღდგენა და ამ კუთხით მოთხოვნა ქართულ მხარესაც არასდროს შეუწყვეტია" - აღნიშნა ბრიშამბომ.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს მისიის საქმიანობა ე.წ. ქართულ ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთისა და სეპარატისტების დაჯინებითი მოთხოვნის საფუძვლეზე შეწყდა.