საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ში მიღებული რეზოლუცია, რომლის თანახმადაც დევნილები საკუთარ სახლებს უნდა დაუბრუნდნენ, სიკეთის მიერ ბოროტებაზე მოპოვებულ პატარა გამარჯვებას შეადარა. პრეზიდენტის შეფასებით, ეს იყო პატარა დიპლომატიური გამარჯვება იმ დიდ ბრძოლაში, რომელიც რუსეთმა გაეროში გააჩაღა. სააკაშვილის ინფორმაციით, რუსეთმა კენჭისყრის დროს შესაძლოა რამდენიმე ქვეყანა მოისყიდა, ან დააშანტაჟა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ქართულ-იტალიურ ტყავის გადამამუშავებელ საწარმოში სტუმრობისას ისაუბრა.
პრეზიდენტის განმარტებით, საქართველო მხოლოდ ამ გამარჯვებით არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბრძოლა უნდა გააგრძელოს, ხოლო მთავარ წარმატებას მაშინ მიაღწევს, როცა ოკუპანტები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ.
"ძალიან დიდი დიპლმატიური ბრძოლა გამართა რუსეთმა. მე როგორც ვიცი, პუტინმა მედვედევს ორ-ორჯერ დაარეკინა რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერთან. მიდიოდა ხელების ამოგრეხვა, მოსყიდვა ქვეყნების, შანტაჟი. შესაძლოა ვიღაცები მოისყიდეს კიდეც სხვადასხვა მექანიზმებით, მაგრამ შედეგი არის ასეთი, რომ წინა წლისგან განსხვავებით რუსეთმა რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი დაკარგა, ხოლო საქართველომ შეიძინა. ეს არის სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა. დააკავირდით რას ეწინააღმდეგება რუსეთი - რეზოლუციას, რომელიც ამბობს, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ იმ სახლებში, სადაც დაიბადნენ, დაიბრუნონ ის ქონება, სადაც გაიზარდნენ, თავისი შვილები გაუშვან იმ სკოლებში, სადაც თვითონ დადიოდნენ, ერთი სიტყვით ადამიანებმა აღიდგინონ საკუთრების უფლება საკუთარ სახლზე, სოფელზე და ქალაქზე. სწორედ ამას ეწინააღმდეგებ რუსეთი. ანუ იგი არის ბოროტების მხარეს და გადახედეთ იმ ქვეყნების სიას, რომელიც მას ამაში მხარს უჭერს და სრულიად ნათელი ხდება ყველაფერი, მაგრამ ბედნიერება ის არის, რომ ჩვენმა ქვეყანამ პატარა გამარჯვება მოიპოვა იმ გაგებით, რომ ქვეყნების უმრავლესობა სწორედ საქართველოს უჭერდა მხარს. ჩვენ ეს ბრრძოლა უნდა გავაგრძელოთ. საქართველოს მხარეს არის სიკეთე და სწორედ ამ სიკეთის განადგურებას ცდილობს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება. ჩვენ ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და ამას ვერაფერი წინ ვერ აღუდგება. ეს იყო პატარა დიპლომატიური გამარჯვება მთავარი ჩვენი გამარჯვება იქნება მაშინ, როცა ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიას დატოვებენ და ჩვენი ხალხი დაიბრუნებს თავის სახლებს და სამშობლოს ბოლომდე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისათვის, გაეროს გენერალურმა ანსაბლეამგუშინ დღის წესრიგის მიხედვით განიხილა საკითხი "სუამის სივრცეში ხანგრძლივი კონფლიქტები და მათი გავლენა საერთაშორისო მშვიდობისთვის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის".ასაბლეაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან / სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ". რეზოლუციაში გამოხატულია შეშფოთება კონფლიქტების შედეგად საქართველოში დემოგრაფიული სიტუაციის ძალისმიერი შეცვლის შესახებ. გენერალურმა ასამბლეამ აღიარა "ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და დევნილის და მათი შთამომავლების უფლებები, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში საკუთარ სახლებში დაბრუნების თაობაზე".