საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხვალ, შეხვედრას "ახალ მემარჯვენეებთან" გამართავს. ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ შეხვდეს იმ არასაპარლამენტო პარტიებს, რომლებიც სურვილს გამოთქვავენ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან შეხვედრისა. როგორც ბაქრაძემ აღინშნა, დღეს იგი ხვდება ირაკლი ალასანიას, ხვალ გამართავს შეხვედრას ახალ მემარჯვენეებთან. იქვე, ბაქრაძემ მზადყოფნა გამოთქვა ამ საკითხზე სასაუბროდ სხვა პარტიებსაც შეხვდეს.
"ყველა პარტიას აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როცა ვქმნიდით საკონსტიტუციო რეფორმის კომისიას, ჩვენ ეს კომისია სპეციალურად არ შევქმენით პარლამენტში და შევქმენით პარლამენტის გარეთ, რათა მიგვეცა საშუალება ყველა პარტიისათვის, პირველ რიგში არასაპარლამენტო ოპოზიციისათვის, მოსულიყვნენ და ემუშავათ ამ კომისიაში", - აცხადებს დავით ბაქრაძე და სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. ასევე სამწუხაროს უწოდებს იმას, რომ ოპოზიციის ნაწილი შეთავაზებას დღესაც არ თანმდება, თუმცა დადებითად აფასებს გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან გამოთქმულ მზადყოფნას, რომ ახლა მაინც ჩაერთონ საკონსტიტუციო მუშაობაში. ამის მაგალითად კი სწორედ ირაკლი ალასანიას და ახალ მემარჯვენეებს ასახელებს და იმედოვნებს, რომ სხვა პარტიებიც მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას.