"გაეროს რეზოლუცია იმის დადასტურებაა, რომ რუსეთისა და სეპარატისტების მცდელობები აღიარების მოპოვებასთან დაკავშირებით წარუმატებელი იქნება", - ეს შეფასება პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დღეს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გაეროს რეზოლუციის კომენტირებისას გააკეთა.
ბაქრაძის თქმით, რეზოლუცია ზოგადად ჰუმანიტარული ხასიათისაა, რადგან ის დევნილების ქონებრივ და სახლებში დაბრუნების უფლებებს ადასტურებს.
თუმცა ბაქრაძის განცხადებით, ჰუმანიტარული ხასიათის გარდა ეს დოკუმენტი ძლიერ და მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სამართლებრივ ელემენტებსაც შეიცავს, კერძოდ, რეზოლუციაში აღნიშნული - აფხაზეთი და ცხინვალის რეიგონი საქართველოს შემადგენელი ნაწილია.
"ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძე უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს იმ წამყვანმა სახელმწიფოებმა, რომლებიც საერთშორისო ურთიერთობებში სერიოზულ პოლიტიკურ კლიმატს ქმნიან და ამასთან იმ სახელმწიფოებმაც, რომლებთანაც რუსეთი და სეპარატისტები სერიოზულად მუშაობდნენ, რათა მათ ეს ტერიტორიები ეღიარებინათ.
"ეს რეზოლუცია არის ნიშანი იმისა, რომ რუსეთისა და სეპარატისტების შემდგომი მცდელობების აღაირებასთან დაკავშირებით წარუმატებელი იქნება. ამ რეზოლუციის მიღება მკაფიო სიგნალია მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.