"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია იმედოვნებს, რომ ეუთო-ს უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში, ასტანაში გაიმართება, საქართველოს დეოკუპაციის საკითხსაც განიხილავენ. მისივე თქმით, ეუთო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობსა და სუვერენიტეტს კვლავ მხარს უჭერს. ამის შესახებ ალასანიამ ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან "თბილისი-მარიოტში" გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბრიშამბოს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებზე ესაუბრეს. ასევე, იმ გზებზე, თუ როგორ უნდა მოხვდეს საქართველოს საკითხი ეუთო-ს უსაფრთხოების კონფერენციაზე,
ალასანიასვე თქმით, ოპოზიციის წევრებმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა ქვეყანაში პროცესები 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ და რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისათის. "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ცალსახად აღნიშნა, რომ დემოკრატიული პროცესების განვითარებისათვის აუცილებელია მოქმედი ხელისუფლების ცვლილება, რომელიც არჩევნების გზით უნდა განხორციელდეს.
"შეხვედრაზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ აუცილებელია საქართველოში ხელისუფლების ცვლილიბა, რომელიც არჩევნების გზით უნდა მოხდეს", - განაცხადა ალასანიამ ბრიშამბოსთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ცნობისათვის, ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ირაკლი ალასანიას გარდა ნინო ბურჯანაძე, დავით უსუფაშვილი, ზვიად ძიძიგური და ნესტან კირთაძე იმყოფებოდნენ.