ეუთო-ს გენერალური მდივანი მარკ პერინ დე ბრიშამბო სასტუმრო თბილისი "მარიოტში", არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს ხვდება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, შეხვედრაზე მათთვის მთავარი თემები შიდა პოლიტიკური პროცესები, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და საარჩევნო გარემოს გაჯანსაღება იქნება. ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ირაკლი ალასანია, ნინო ბურჯანაძე, დავით უსუფაშვილი, ზვიად ძიძიგური და ნესტან კირთაძე იმყოფებიან. შეხვედრა 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდება
"ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივნის ნესტან კირთაძის განცხადებით, მათი მხრიდან საუბრის მთავარი თემა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა იქნება. კირთაძის განმარტებით, ეს მხოლოდ დემოკრატიული ნორმების ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რასაც კირთაძის თქმით, აუცილებლად ესაჭიროება საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება
"მთავარი საკითხი იქნება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, რომელიც პირდაპირ გადის მიხეილ სააკაშვილის შეცვლაზე. ხელისუფლების შეცვლა "ლეიბორისტული" პარტიის აზრით, უნდა მოხდეს დემოკრატიული, პრიცნციპული და სამართლიანი არჩევნების გზით", - განაცხადა "ლეიბორისტული" პარტიის საერთაშორისო მდივანმა შეხვედრის დაწყების წინ.
რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილის თქმით კი, მისი მთავარი სატქმელი ეუთოს გენერალურ მდივანთან იქნება ის, რომ ეუთომ გააგრძელოს საქართველოში მუშაობა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით
"დაიხურა ის მისიები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ასევე დემოკრატიული პროცესებისთვის. ჩვენი მთავარი სათქმელი ბატონ გენერალურ მდივანთან იქნება ის, რომ ეუთომ გააგრძელოს საქართველოში თავისი საქმიანობა წარმომადგენლების გარშეე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით", - აღნიშნა "რესპუბლიკელმა" დავით უსუფაშვილმა.