სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის სასულიერო პირები ე.წ. ალანიის ეპარქიიდან აცხადებენ, რომ ყაზახეთის საზღვარზე დაკავებულ ნარკომან-მღვდელს მათთან საერთო არ აქვს.
მათი განცხადებით, სასულიერო პირი სერაპიონი "ეპარქიაში" რუსული მართლმადიდებლური ჩირჩიკსკის ტაძრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩავიდა.
ორი წლის განმავლობაში ნარკომანი სასულიერო პირი ალანიის ეპარქიაში იმყოფებოდა ტირის მონასტერს ხელმძღვანელობდა.
"2010 წლის მაისში ღვთისმსახური მონასტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მან ალანიის ეპარქიის, ანუ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დატოვა", _ ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტირის მონასტრის წინამძღვარი ყაზახეთისა და რუსეთის საზღვარზე დააკავეს. საბაჟო "ჟანა ჟოლ"-ზე მესაზღვრეების ძაღლმა ნარკოტიკული ნივთიერების სუნი აიღო, რომელიც ღვთისმსახურიდან მოდიოდა.
შედეგად, მღვდელს 340 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება "მარიხუანა" ჯიბეში აღმოუჩინეს. დაკავებისას ღვთისმსახური ირწმუნებოდა, რომ მას ყაზახეთის ქალაქების მოლოცვა უნდოდა და ნარკოტიკები პირადი მოხმარებისათვის შუ-ში ჟამბილსკის ოლქში შეიძინა.
ამჟამად მღვდელი დაკავებულია, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.