ვფიქრობ, ეთიკის კოდექსის ამოქმედება პარლამენტში უკეთესი სურათის მიღებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის წევრთა მხრიდან არა ეთიკური ქცევა სხვადასხვა ქვეყნებში უჩვეულო მოვლენა არ არის, თუმცა, ამოცანაა ამ რისკის მინიმუმამდე დაყვანა.
„ჩვენ არაერთი არაეთიკური ქცევა ვიხილეთ საქართველოს პარლამენტში სამწუხაროდ, როგორც ამ მოწვევაში, ასევე, წინა მოწვევებში. ეს არ არის, ზოგადად, უჩვეულო მოვლენა პარლამენტარიზმში, არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ხდება ეს ყველაფერი. თუმცა, ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამის რისკი. ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც ამ კუთხით შევიდა რეგლამენტში, მათ შორის, ამას უკავშირდება ეთიკის კოდექსის ამოქმედება და ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები უზრუნველყოფს უკეთესი სურათის მიღებას საქართველოს პარლამენტში. ეს არის ჩვენი ამოცანა, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელნი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.