ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც კრინიცაში XX საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი იმართება. ფორუმი ძირითადად აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების მენეჯერებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მასპინძლობს.
ბარამიძე სიტყვით გამოვა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის სესიებზე, რომელთა თემატიკა ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით და ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა იქნება.
კრინიცას XX საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მიზანია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და მის პარტნიორ და მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარება, რაც `ლისაბონის ხელშეკრულების~ შემდეგ ევროპის მომავლის სტრატეგიის განსაზღვრას ემსახურება.
გიორგი ბარამიძე ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ვაირა ვიკე-ფრაიბერგასთან ერთად ასევე სიტყვით გამოვა ახალგაზრდა ლიდერთა მე-5 ეკონომიკურ ფორუმზე: `მომავლის ევროპა - როგორ ლიდერებს საჭიროებს ევროპა 21-ე საუკუნეში?~
ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართვს პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანთან, სტრატეგიულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელთან, რუმინეთის რესპუბლიკის სენატის ვიცე-პრეზიდენტთან, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის ევროპულ საკითხთა ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარესთან და ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან.
გიორგი ბარამიძის ფორუმებზე გამოსვლებისა და ორმხრივ შეხვედრებზე ძირითადი თემა ქართულ-რუსული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და დეოკუპაციის აუცილებლობა იქნება. Aასევე, საუბარი შეეხება საქართველოში მიმდინარე წარმატებულ, დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოსაყალიბებლად მიმართულ ღონისძიებებს.