სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს გაეროს გენერალურ ასამბლეას "მიიღოს ბრძნული გადაწყვეტილებები, რომლებიც აუცილებელია კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და იმ ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებზეც მსჯელობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მიმდინარეობს".
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დევნილების შესახებ 7 სექტემბერს დაგეგმილ განხილვასთან დაკავშირებით, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ორგანიზაციას მიმართვას უგზავნის.
"საქართველო ხელს უშლის რა აფხაზეთის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხების განხილვაში მონაწილეობას, ღიად აფიქსირებს თავის დამოკიდებულებას - სურვილის არქონას ობიექტურად განხილულ იქნეს ეს საკითხი და მომავალში თავის განზრახვას დევნილთა პრობლემის კონფლიქტის განახლების საბაბად გამოყენებისა", _ ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამას გარდა, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ახსენებს გაეროს გენასამბლეას, რომ აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხის განხილვა, თავად აფხაზეთის მონაწილეობის გარეშე ამ განხილვის არაობიექტურობისა და მიკერძოებულობის დასტური იქნება.
"გენერალური ასამბლეის მიერ, კიდევ ერთხელ, აფხაზეთის შესახებ, აფხაზეთის აზრის გათვალისწინების გარეშე და მხოლოდ ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები არაპროდუქტიული და არაობიექტური იქნება", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ "საქართველო ყოველთვის თავს იკავებდა დევნილთა დაბრუნების შესახებ საკითხის აფხაზეთთან ერთად განხილვაზე".
სეპარატისტები ასევე აცხადებენ, რომ "აფხაზეთი რჩება იმ აზრზე, რომ კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების შემთხვევაშიც კი დევნილების დაბრუნება აფხაზეთში გონივრულად და ეტაპობრივად უნდა მოხდეს. საქართველოს მოთხოვნა კი აფხაზეთში უკლებლივ ყველა დევნილი უპირობოდ დაბრუნებისა არ ითვალისწინებს აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობას".