საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს ექსპერტთა ჯგუფი ეწვია. ვიზიტის მიზანი დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესით (PARP) და ყოველწლიური ეროვნული პროგრამით (ANP) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებაა.პირველი შეხვედრა შეფასების ჯგუფის წარმომადგენლებთან თავდაცვის სამინისტროში დღეს გაიმართა. ნატო-ს დელეგაცია თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ნოდარ ხარშილაძეს და სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ პირებს ხვდება.
ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფი შეხვედრებს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან გამართავს. დელეგაციის წევრები ნატო-ს სამხედრო ატაშეებსა და ალიანსის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
ექსპერტთა ჯგუფის და ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარებისა და დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი ფრენკ ბოლანდი კი საქართველოში ხვალ ჩამოდის. ის შეხვედრებს გამართავს მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან. ცნობისათვის, ფრენკ ბოლანდი ნატო-ს საორიენტაციო კურსის ფარგლებში სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებისათვის ნატო-ს საკითხებზე ლექციებსაც ჩაატარებს. ვიზიტის ბოლოს ექსპერტები თავდაცვის ეროვნულ აკადემიას დაათვალიერებენ. ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფი საქართველოს 10 სექტემბერს დატოვებს.