საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, გიორგი თარგამაძე საარჩევნო კოდექსზე მუშაობის დაუყონებლივ დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება გიორგი თარგამაძემ დღეს, ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
თარგამაძემ იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა და მიღება მოხდება "არა ხელის გადაგრეხვით", არამედ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით და კონსენსუსის მიღწევით. თარგამაძემ ისიც აღნიშნა, რომ "ეს შრომა წყალში ჩაყრილი აღმოჩნდება, თუკი ამას საარჩევნო კოდექსზე მუშაობა არ მიყვება". თარგამაძის თქმით, უკვე არსებობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანხმობა, რომ უნდა დაიწყოს საარჩევნო კოდექსზე მუშაობა, თუმცა მისი თქმით, ზაფხულის განმავლობაში ეს პროცესი გარკვეულწილად შეჩერდა. თარგამაძის თქმით კი საჭიროა პროცესი დაუყონებლივ აღდგეს.
"შესაძლოა დღევანდელი გადასახედიდან მომავალი არჩევნები შორს იყოს, მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესი დიდ დროს მოითხოვს და ეს პროცესი არ უნდა გაიწელოს", - აცხადებს თარგამაძე. მის ამ მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს სამუშაო კოდექსზე მუშაობა. თუმცა ბაქრაძის თქმით, პირველ რიგში ოპოზიციურ პარტიებს შორის უნდა მოხდეს სამუშაო ჯგუფის ფორმატზე შეთანხმება.