დეპუტატი ჯონდი ბაღათურია საშემოდგომო სესიაზე პროფილის შეცვლას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადება ჯონდი ბაღათურიამ დღეს, პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, იგი კვლავაც გააგრძელებს სოციალური და ეკონომიკური თემების ლობირებას.
ამასთან მისსივე თქმით, იგი დაუბრუნდება როგორც უკვე ინიცირებულ კანონპროექტებს, ასევე მას გამზადებული აქვს რამდენიმე ინიციატივა, რომლის შეტანასაც საშემოდგომო სესიაზე გეგმავს. რაც შეეხება მის სოციალურ ინიციატივებს, ბაღათურია ითხოვს მინიმალური პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდას, სოციალურად დაუცველი კატეგორიისათვის ჯანდაცვის პროგრამების მაქსიმალურად ხელმისაწვდომობას და სხა სოციალური დახმარებების გათვალისწინებას, პედაგოგთა ხელფასების მინიმუმ 500 ლარამდე გაზრდას და ა.შ.
რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, ჯონდი ბაღათურია ითხოვს მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებას მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად. ამასთან, ჯონდი ბაღათურია პირობას იძლევა, რომ იგი საშემოდგომო სესიაზე ამ საკითხებზე აქტიურად იმუშვებს და "პარლამენტი რეგლამენტის და პროცედურების მოშველიებით ვეღარ შეძლებს ამ საკითხების დაბლოკვას".