თბილისში 9-11 სექტემბერს დაგეგმილი ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) მეცხრამეტე ყოველწლიური კონფერენციას 39 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების დაახლოებით 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება. კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მნიშვნელოვან სტუმართა შორის ასევე არიან საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი უილიამ სვინი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე უილიამ ჰიბლი. ამის შესახებ დღეს, ცესკოში გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრალური საარცევნო კომისიის პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, კონფერენციას დაესწრებიან ლიტვის, რუსეთის, ბულგარეთის, ბელორუსის, მაკედონიის და ბოსნია-ჰერცოგოვინის ცენტრალური კომისიების წარმომადგენლები. კონფერენციას 9 სექტემბერს გახსნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.
ცნობისათვის, კონფერენციის მასპინძლები არიან ცენტრალური საარჩევნო კომისია და ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია (ACEEEO) ღონისძიების მხარდამჭერები არიან საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (AჩEEEO) მიღებული გადაწყვეტილებით საქართველო ასოციაციის პრეზიდენტ ქვეყანად გამოცხადდა.