საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ სასტუმროებისა და მცირე სავაჭრო ობიექტების გასახსნელად ბანკებისგან დაფინანსების მიღებაში მათ ხელისუფლება დაეხმარება. ამის შესახებ პრეიზედნტმა დღეს, მცხეთაში სტუმრობისას ისაუბრა, სადაც სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა.
მიხეილ სააკაშვილი მცხეთა - მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
"სამუშაოების დასრულების შემდეგ, თქვენი შემოსავლების გაზრდა იქნება შესაძლებელი. კარგი იქნება, თუ გახსნით სასტუმროებს და კაფეებს. ჩვენ ვაპირებთ, ვთხოვოთ ბანკებს, რომ თქვენ დაგაფინანსონ ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ცეზარ ჩოჩელის თქმით კი, სვეტიცხოველში სტუმრების რაოდენობა მიმდინარე წელს გაორმაგდა და დაახლოებით, ასათიათასს მიაღწია.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა იმედი გამოთქვა, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ცნობისათვის, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 100 საცხოვრებელ სახლს, გაკეთდა შვიდი ქუჩა - ორი ცენტრალური და ხუთი მიმდებარე. 6 კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგო ქვაფენილი. სამუშაოებზე მთლიანად 14 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.
როგორც დღეს აღინიშნა, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გაიხსნას მცირე ბაზრობა, სადაც გამოფენილი იქნება ქართული ხელოვნების ნიმუშები. უნდა განთავსდეს ავტოსადგომი და რამდენიმე კაფე.
სარეკონსტრუქციო სამუშაოები 14 ოქტომბრამდე დასრულდება.