შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ფოკაში მომხდარი 1985 წელს დაბადებული ხ.ტ.-ს განზრახ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა გ.მ. წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო და შურისძიების მოტივით თანასოფლელი ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
"სამართალდამცველებმა გ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ნინოწმინდის რაიონში დააკავეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნავენ შსს-ში.
მათივე ცნობით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.