ვიწყებთ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული 36 037 ხმის მქონე მოქალაქეებთან სისტემურ თანამშრომლობას, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშილმა პარტიის ახალ ოფისთან გამართულ ბრიფინგზე.
„პირველ ბრიფინგს ვატარებ „შენების მოძრაობის“ ახალი ოფისიდან, სადანაც გავუძღვებით ევროკავშირის დემოკრატიის განვითარების ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილ საქმიანობას. მაგალითად, ვიწყებთ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული 36 037 ხმის მქონე იმ მოქალაქეებთან სისტემურ თანამშრომლობას, ვინც ღია პოლიტიკური აქტიურობის სურვილს გამოთქვამს. მოძრაობის ოფისები გაიხსნება 10 ქალაქში, გააქტიურდება საკრებულოებში ჩვენი წარმომადგენლების საქმიანობა. დასახული გეგმის შესაბამისად, გადავდივართ ჩრდილოვანი კაბინეტის მოდელზე დაფუძნებულ ცენტრისტულ პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბების ეტაპზე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
„შენების მოძრაობის“ ლიდერი 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. ის საარჩევნო მარათონს პირველ ტურში გამოეთიშა. ცესკოს მონაცემებით, მან 36 037 ხმა მიიღო.