დარღვევებზე შეიძლება ილაპარაკო საქმიანად, ვიდრე ასეთ ტონში, როგორც მარგველაშვილი, პრეზიდენტი მიმართავს თავის ქვეყანას, ხალხს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მარგველაშვილის პათოსია ძალიან შესამჩნევად უარყოფითი. მისივე თქმით, თუკი შენიშვნებს ამბობენ, თუნდაც მარგველაშვილი, ეს არ არის გათვლილი იმაზე, რომ ხვალ უკეთესი იყოს მდგომარეობა.
„თითქოს ნიშნის მოგების ტონიც აქვს. რატომღაც ასე ჩამოყალიბდა, რომ რაც უფრო მეტს გააკრიტიკებ საქართველოს, უკეთესი იქნება მისი იმიჯისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჯერ დადებითი ვთქვათ, რამდენი იყო. 3 700 უბნიდან რამდენიმეზე მართლაც იყო გადაცდომა. იმავე დარღვევებზე შეიძლება ილაპარაკო საქმიანად, ვიდრე ასეთ ტონში, როგორც მარგველაშვილი, პრეზიდენტი მიმართავს თავის ქვეყანას, ხალხს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილის განწყობა და პათოსი არ შეესაბამება იმ განწყობასა და პათოსს, რაც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს.
მისივე თქმით, ასეთია მარგველაშვილის ხასიათი, მას მიაჩნია, რომ ასეთი პოზიციით უფრო ჩაეწერება ისტორიის ფურცელზე, ვიდრე საქმიანი, დინჯი, მოკრძალებული საუბრით.
„საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა ყველაფერი. გადაცდომები იყო როგორც მისი არჩევნების დროს, ასევე ახლა. გადაცდომები არის სხვადასხვა დონეზე. რომ მოიკითხო, თუნდაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო. ჩვენ ვართ 21-ე საუკუნის ჩამოყალიბებული დემოკრატია“, – დასძინა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა "მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე" შეშფოთება გამოხატა.