ამ არჩევნებიდან ზოგი მართლა გამოვიდა ღირსეულად, ზოგი ვერა, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ გადაცემა "კვირის აქცენტებში".
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ღირსეულად ვერ მოიგო. კორძაიას შეფასებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა არჩევნებზე დიდი მხარდაჭერა მიიღო.
„მთავარი ის კი არ არის, ოპოზიციურმა კანდიდატმა ვერ მოიგო არჩევნები, მან, დაახლოებით, 900 ათასი ხმა მიიღო, ეს არის თავისუფალი ხმები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბიძინა ივანიშვილს ძვირი დაუჯდა მეორე ტური. ამ არჩევნებიდან ზოგი მართლა გამოვიდა ღირსეულად, ზოგი ვერა. გრიგოლ ვაშაძე ღირსეულად გამოვიდა, რომელსაც შეუძლია, მიიღოს ეს შედეგები, მაგრამ მას შეიძლება გაჰყვეს იმის ტკივილი, რაც ქვეყანაში ხდება. ღირსეული მოგება ნამდვილად არ აქვს „ქართულ ოცნებას“. მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას“, თქვენთვის ასეთი გამარჯვება, ნუთუ მართლა თვლით, რომ ხმას სუნი არ აქვს. ბიულეტენში დევს ფურცლები, სადაც წერია სახელები და გვარები,“- განაცხადა თამარ კორძაიამ.