დესტაბილიზაციის შემოტანის რესურსი მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად არ გააჩნია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, არაადეკვატურია.
„გასაგებია, რომ უჭირს მარცხთან შეგუება, მაგრამ თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ ეს მარცხი იყო გარდაუვალი“, - განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ სააკაშვილი როდესაც მიხვდა, რომ იყო დამარცხებული, მისი მიზანი არ იყო არჩევნებში გამარჯვება, მისი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ არეულობა.
„დესტაბილიზაციის შემოტანის რესურსი მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად არ გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ მხარდაჭერა არ ნიშნავს მის გიჟურ გეგმებზე აყოლას. მხარდაჭერა ნიშნავს დაფიქსირებას საკუთარი აზრის. ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, მათ შორის ამ აზრის გამოხატვას და ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩაებმებიან იმ რაღაცა ქაოსის სქემაში, რაც მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ ლიდერს აქვს. აქედან გამომდინარე, ხმების მიღების რესურსის შეიძლება ჰქონდეს ვინმეს, მაგრამ იგივე რესურსი ბუნებრივად მათ არ გააჩნიათ არეულობის მოწყობის. ადამიანები, რომლებმაც განსხვავებული აზრი დააფიქსირეს, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ამ პროვოკაციას აყვებიან და წამოეგებიან“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Edison Research-ის ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოქალაქეებს რუსთავი 2-ის ეთერით მიმართა. მისი თქმით, არჩევნების ეს შედეგები მისთვის მიუღებელია, ამიტომ მოქალაქეებს მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.
„ხვალიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები იქნება, გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას დადგეს ხალხის მხარეს. მე მოვუწოდებ შეიარაღებულ ძალებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები.... ხვალიდან ვიწყებთ მასობრივ ქმედებებს, საქართველოს მასშტაბით, მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის, ივანიშვილის მიუღებლობის და ივანიშვილის ხელისუფლების დასრულების საქართველოში“, - განაცხადა სააკაშილმა და აღნიშნა, რომ ბრძოლის გაშლასთან, რა თქმა უნდა, ერთად ვაპირებს საქართველოში დაბრუნდეს.
“ამ ბრძოლის გაშლასთან, რა თქმა უნდა, ერთად მე ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში. რადაც არ უნდა დამიჯდეს. მე ჩემი სიცოცხლეც არაფრად არ მიღირს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვერავინ მოახერხოს ხელის აღმართვა ვერც ერთ ქართველზე, ვერავინ შეძლოს ძალისმიერი სცენარის განხორციელება. და ბოლო კვირებში რაც განხორციელდება, არის სუფთა ძალადობრივი სცენარი. ჩვენ ახლა ყველანი უნდა ვიყოთ ხელჩაკიდებულნი და ვიფიქროთ იმაზე, რომ უახლოეს კვირებში, უახლოეს დღეებში საქართველოს ბედი წყდება. მე მოგიწოდებთ ერთიანობისკენ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა სააკაშილმა.