თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, 54-ე საარჩევნო უბანზე კოორდინატორმა on.ge-ს ჟურნალისტ სალომე ჩადუნელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
კითხვის დასმის შემდეგ სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" კოორდინატორმა ჟურნალისტს ჯერ მობილური დააგდებინა ხელიდან, შემდეგ კი მხარში ჩაარტყა ხელი.
"თავხედი, ძუკნა! თავზე დაგალეწავ მაგ ტელეფონს და მერე ნახავ, უზრდელი ხარ", - მიმართა კოორდინატორმა ჟურნალისტს და უთხრა, რომ მას სააკაშვილისგან ფული ჰქონდა აღებული.
ცნობისთვის, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა გლდანშიც მიაყენეს.
უბანთან ახლოს მყოფ ორ კოორდინატორს "ტვ პირველის" ჟურნალისტმა ჰკითხა, რას აკეთებდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია.
"აგერ ველოდები მანქანით მივდივარ. ნაციონალები უნდა ამოვძირკვო", - თქვა ქალმა და კითხვის შემდეგ, ვინ დაავალა "ნაციონალების" ამოძირკვა, ის ჟურნალისტს ხელით შეეხო და ტელეფონის დაზიანება სცადა.
"ამ ტელეფონს ავიღებ და მოგიბრუნებ კარგად. რატო იღებ? გაუზრდელო, სად გაიზარდე? ნუ იღებ, არ მჭირდება შენი გადაღება", - უთხრა ქალმა ჟურნალისტს.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.