ოსი სეპარატისტები ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების 20-წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან. ოსური მედიის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებებს სეპარატისტები 16 სექტემბრიდან დაიწყებენ.
ამ დღეს ოსური მედიის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. II საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება სახელწოდებით - "ოქროს ჯიქი". აღნიშნული ფესტივალი 18 სექტემბერს დაიხურება.
ამას გარდა, 19 სექტემბერს ცხინვალში ჩატარდება საყოველთაო სახალხო შეკრება სახელწოდებით "გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო მიწავ ოსეთო!". ამის შემდეგ კი სეპარატისტები ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო" დროშას საზეიმოდ აწევენ ჰაერში. ამას გარდა, ცხინვალში ჩატარდება კონცერტი სახელწოდებით "მუსიკის მაგია".
ამ "დღესასწაულის" კულმინაციად კი ცხინვალში 20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო აღლუმი იქცევა, რომელშიც, ოსური მედიის ინფორმაციით, ცხინვალის გარნიზონი მიიღებს მონაწილეობას.
საღამოს კი ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება საზეიმო კონცერტი სახელწოდებით _ "ჩვენ ოსეთმა გვშობა!", რომელიც ფეიერვერკით დასრულდება.