"კონსტიტუციის პროექტში მემკვიდრეობის აღიარებასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზი გასწორდება", - ეს პირობა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აკადემიკოს ჯონი ხეცურიანს დღეს, მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე მისცა, სადაც განიხილეს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი. ხარვეზის არსებობაზე კი ჯონი ხეცურიანმა მიუთითა.
ხეცურიანის განმარტებით, დღევანდელ კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება საყოველთაოდ აღიარებულია, თუმცა მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტში ტერმინი მემკვიდრეობა აღარ არის და დაინტერესდა ტერმინის არარსებობა რას უკავშირდება.
დავით ბაქრაძის განმარტებით კი, ეს მხოლოდ ტექნიკური შეცდომა შეიძლება იყოს, ვინაიდან სხვა მუხლში არის ჩანაწერი, როგორც საკუთრების აღიარებასთან, მემკვიდრეობის უფლების აღიარებასთან დაკავშირებითაც. სწორედ ამიტომ, დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ეს არის მხოლოდ ტექნიკური შეცდომა რომელიც დაუყონებლივ გასწორდება.