აკადემიკოსი ჯონი ხეცურიანი ითხოვს, რომ კონსტიტუციის პროექტში გათვალისწინებულ იქნას ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები ყველა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადება, ხეცურიანმა დღეს მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა სამეცნიერო აკადემიის წევრებს საკონსტიყტუციო ცვლილებათა პროექტი გააცნეს.
როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო პროექტის თანახმად, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ვერ დაიკავებს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი.
ხეცურიანის განცხადებით, ეს მიდგომა არის სწორი, თუმცა არასაკმარისი, რადგან მისი თქმით, ეს პრინციპი უნდა განხორციელდეს ყველა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ. მაგალითად კი დაასახელა ის ფაქტი, რომ კონსტიტუცია ნებისმიერი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს აძლევს საშუალებას დაიკავოს, თუნდაც თავდაცვის ან შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, რაც მისი შეფასებით, ქვეყნის უშიშროებისათვის საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს. ამის საპასუხოდ კი საკონსტიტუციო კომისიის მხრიდან გაკეთდა განმარტება, რომ აღნიშნულ პრინციპზე მსჯეობისას კომისიის შიგნით იყო კამათი და საბოლოოდ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის გამო, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი ცხოვრობს საზღვარგარეთ და მათ აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. შესაბამისად, თუკი ისინი საქართველოში დაბრუნებას და თავისი ცოდნის ქვეყნისათვის მოხმარებას გადაწყვეტენ, მათთვის ორმაგი მოქალაქეობა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.