მსოფლიოს ყოფილი ლიდერები საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს არ გამართავენ.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განუცხადა.
"მათი საქართველოში სტუმრობა არაოფიციალურ ხასიათს ატარებს და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია მათ რეგიონს დათვალიერება სურთ მსოფლიო რეგინების შესწავლის ფარგლებში. ეს არის შემეცნებითი ვიზიტი", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
რაც შეეხება აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანის კონდოლიზა რაისის ადგილსამყოფელს, კალანდაძის განცხადებით აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყება ინფორმაციას არ ფლობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დღეს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, ყოფილი თავდაცვის მდივანი უილიამ პერი და სხვა ყოფილი პოლიტიკური, კულტურული და მეცნიერული სფეროს წარმომადგენლები ესტუმრნენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანია "კაუკასუს თრეველსი" განუცხადეს, მსოფლიოს ყოფილი მაღალჩინოსნები ხუთ ჯგუფად გაიყოფიან, მათი ნაწილი თბილისში ჩამოვა და კულტურულ და რელიგიურ ღირსშესანიშნაობებს მოინახულებს. დანარჩენი ჯგუფები კი გორში, მცხეთაში, ანანურში და წეროვანში გაემგზავრება, სადაც 2008 წელის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩასახლებულ დევნილებს შეხვდებიან.
დელეგაციას საქართველოში კომპანია "კავკაზუს თრეველი" მასპინძლობს, ხოლო ყოფილი ლიდერების სიმპოზიუმს კომპანია "Wordl Leaders Travel" აწყობს.
აღნიშნული ვიზიტი მსოფლიო ლიდერების მე-5 სიმპოზიუმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას საქართველოს, თურქეთის, უკრაინის და აზერბაიჯანის ახალგაზრდა ლიდერები მიიღებენ. საქართველოს შემდეგ უცხოელი სტუმრები აზერბაიჯანში გაემგზავრებიან.
სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილი ლიდერების მოგზაურობა მოსკოვში დაიწყო და სტამბულში დასრულდება.