ხვალ, 7 სექტემბერს, თბილისში სასტუმრო "რედისონში" ამბასადორიალი გაიხსნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საზღვარგარეთის ქვეყნებში აკრედიტებულ საქართველოს ელჩებთან შეხვედრის ტრადიციას და ხვალ, მორიგი ამბასადორიალი გაიმართება, სადაც ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური კორპუსი პირველი პირებით იქნებიან წარმოდგენილები. ჩვენს ელჩებს საშუალება ექნებათ გავაცნონ ის პრობლემები, რომელსაც თავის მისიის შესრულების დროს ხვდებიან, ასევე დაიგეგმება სამომავლო გეგმებიც", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ამბასადორიალზე ელჩები საქართველოს მთავრობის წარმომდგენლებს შეხვდებიან, ასევე ღონისძიებას ეუთოს გენერალური მდივანი მარკ პერვენ დე ბრიშამბო, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე სტუბი და ესტონეთი საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი დაესწრებიან.
სტუმრები ამბასადორიალზე ქართველი ელჩების წინაშე მოხსენებით წარდგებიან, ასევე ქართველ დიპლომატებს მათთან გასაუბრების საშუალება ექნებათ.
ამბასადორიალი სასტუმრო "რედისონში" ხვალ, 09:30 საათზე გაიხსნება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დახურავს.