დღეს, 6 სექტემბერს, მეცნიერებათა აკადემიაში საქართველოს ახალი კონსტიტუციის საჯარო განხილვა გაიმართება. შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარე, პროექტის სახალხო განხილვის კომისიის ხელმძღვანელი დავით ბაქრაძე დაესწრება.
როგორც ცნობილია, დოკუმენტის საყოველთაო განხილვა 21 ივლისიდან დაიწყო და დამდეგ კვირაში, სავარაუდოდ, 10 სექტემბრისთვის, დასრულდება.
ახალი პროექტი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების დაბალანსების წესს ახლებურად განსაზღვრავს, სასამართლო ხელისუფლებას მეტ დამოუკიდებლობას ანიჭებს, კერძო საკუთრების დაცვის ახალ გარანტიებს ითვალისწინებს და ა.შ.
საჯარო განხილვის კომისიის საქმიანობის დასრულების შემდეგ ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვას პარლამენტი შეუდგება.