საქართველოს წინ აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სესია, რომელზეც უნდა ჩამოვაყალიბოთ საქართველოს რეალურად ახალი კონსტიტუცია. პარლამენტი ემზადება, რომ ჩამოაყალიბოს ახალი თამაშის წესები პოლიტიკაში სამართლებრივად, კონსტიტუციურად მომავალი ათწლეულებისათვის. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე.
მისივე თქმით, კონსტიტუციის მთავარი მიზანი არის ის, რაც არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა _ იმის მიხედვით მოაწყოს პარლამენტი, ხელისუფლება.
"ჩვენ 2003 წელს გვჭირდებოდა რეფორმა. პოლიტიკური კლასი, ბევრი ჩვენგანი იყო ამ კლასი წარმომადგენელი. შეგვიძლია ახლა ვთქვათ, რომ იყო გახრწნილი, ყველა ღირებულებაზე არ იყო შეთანხმება, არავის არ სჯეროდა, რომ შეიძლება ყოფილიყო არაკორუმპირებული მთავრობა, ნორმალური სახელმწიფო სექტორი", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და დასძენს, რომ დღეს საქართველომ მოახერხა ის, რომ რამდენიმე პოლიტიკურ საკითხზე თანხმდება პოლიტიკური სპექტრი.
"პირველი _ გაჩნდა საერთო სახელმწიფოებრივი შეგნება და მენტალიტეტი და არა კუთხური და ფეოდალური. კუთხური აქ კი არ იყო სამეგრელოში, არამედ მთავარი კუთხურობა იყო საქართველოს დედაქალაქში და მის პოლიტიკურ კლასში, იქ იყო მთავარი პრობლემა და არა სამეგრელოში, აჭარაში, კახეთში და საქართველოს ნებისმიერ სხვა რეგიონში", _ განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოსათვის მთავარი პრობლემა ნამდვილად არ არის დიალექტებზე მოსაუბრე საქართველოს მოქალაქეები.
"ეს არის სწორედ კუთხურობისა და სეპარატიზმის ცენტრი, რომელიც ჩვენ გადავლახეთ და მივაღწიეთ იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის ბათუმში და ადრე მაგალითად შალიკო, რომ იტყოდა, დღეს როგორ მოვხვდე ტელევიზორში მოდი შევივლი საკონსტიტუციო სასამართლოში და გავაჩმახებ ახლა მოუხდება ბილეთის აღება, ბათუმში ჩამოსვლა და თან იმედის გაცრუება, რომ ნახავს როგორ შენდება საქართველო და ამის მერე სარჩელის შეტანა, მაგრამ მას ეს აღარ უნდა, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო თავის საქმით დაკავდა", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ქართული არმია და პოლიცია, თავისუფლია ყოველგვარი კუთხურობისგან და მიკერძოებისგან, _ "ვინ რომელი ეთნიკური, რელიგიის წარმომადგენელია ჩვენი პოლიციისთვის არ აქვს მნიშვნელობა".