რუსეთმა ყველაფერი დაგვიშავა რისი დაშავებაც შეეძლო და ამის იქით არაფრის დაშავება აღარ შეუძლია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე.
სააკაშვილის თქმით, ანაკლია და განმუხური არის საოკუპაციო ზოლთან ახლოს და ეს ყველაზე კარგი მაგალითი და ყველაზე ნათელი დასტურია იმპერიალისტური ძრახვების ლიმიტისა _ რა შეუძლიართ მათ და რა არ შეუძლიათ.
"მათ მოგვიწყვეს შიდა აშლილობა 1990 წელს, ენერგო-ბლოკადა ვარდების რევოლუციის შემდეგ, რამაც გვასწავლა ის, რომ ახლა ელექტროენერგიას იქით ვყიდით რუსეთში, მოგვიწყვეს ეკონომიკური ბლოკადა და იმედია, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა უფრო მეტად გაიზრდება ვიდრე რუსეთის და ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ეკონომიკას შარშან სამჯერტ ნაკლები ზიანი მიადგა რუსეთთან შედარებით", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთმა საქართველოს მოუწყო სამხედრო პროვოკაციები და ბოლოს თავს დაესხა.
"ისინი თავს დაგვესხნენ და მოახდინეს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ომამდე ყველაფერი მუშაობდა რუსეთის სასარგებლოდ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვქონდა დრო, ხოლო მათ ჰქონდათ დრო ჩვენს მოსათხრელად", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და ამის მიზეზად ორ ფაქტორს ასახელებს.
"ამის ორი მიზეზი არსებობს: ერთია ის ობიექტური რეალობა, რომელიც შეიქმნა საქართველოს გარშემო და მეორე სუბიექტური მენტალიტეტი იმპერიალისტული ძალისა. ობიექტური მიზეზი არის ის, რომ საქართველო გახდა რუსეთის მთავრი კონკურენტი პოსტსაბჭოთა სივრცეში განვითარების მოდელის თვალსაზრისით, მთავრი კონკურენტი იდეოლოგიურ სფეროში, ჩვენ გვქონდა ძალიან მოკრძალებული ამოცანა, რომ ადამიანებს ეცხოვრათ ნორმალურად და ჩვენს შვილებს ჰქონოდათ მომავალი. ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდა, იმასთან რაც არის დამკვიდრებული ცხოვრების წესი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ დღეს უკრაინიდან ყოველდღე ჩამოდიოდნენ და კალიმისტარით და რვეულით დადიოდნენ საქართველოს უწყებებში და ყველაფერს იწერდნენ.
"ეს ყველაფერი კარგად იცის იმპერიის წამომადგენელებმა და სასიკვდილოდ მოქმედებს მათზე. პოლიციის რეფორმაზე მედვედევის გამოსვლა წავიკითხე და ერთადერთი იქ სიტყვა საქართველო არ ეწერა, თორემ ნათქვამი იყო, რომ რაც გააკეთა საქართველომ ის უნდა გაკეთდეს რუსეთში", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე თქმით, საქართველო ახლა არის იმ სიტუაციაში როცა დრო მუშაობს საქართველოზე.
"ჩვენ ბოლო წლებში მოვახერხეთ რეფორმირება რაც ქმნის უნიკალურ სიტუაციას ქვეყნის განვითარებისთვის", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.