ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი უწოდა მიხეილ სააკაშვილმა შარშან თბილისში გამართულ მიტინგებს. "შარშანდელი მიტინგები თბილისში ანტისახემწიფოებრივი და ანტიეროვნული იყო", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე.
სააკაშვილის განმარტებით, "ანტიეროვნული მიტინგები იყო იმიტომ, რომ აჩვენებდა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რუსთაველზე დადგმული გალიები იყო", _ აცხადებს პრეზიდენტი.
მისივე თქმით, ბოლოს გაირკვა ისიც თუ ვინ დააფინანსა ეს აქციები _ "ავსტრიის პოლიციამ 43-გვერდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ ამას რუსულ-ქართული მაფია აფინანსებდა".
"რაც დამფინანსებელი ჰყავდათ ის ესთეტიკა ჰქონდათ, ჩაიცვეს პატიმრის ტანსაცმელი და ჩაჯდნენ გალიაში. ამაზე უფრო თავხედურად კრიმინალის გამოსვლა პოლიტიკურ არენაზე არ მინახავს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, თუმცა დასძინა, რომ ყოველივე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ყოველივე ეს გადაიარა და ახლა თვითკმაყოფილებას უნდა მიეცეს.