ორშაბათს, 6 სექტემბერს, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაცია საქართველოს ეწვევა. დელეგაციას უხელმძღვანელებს დემოკრატი კონგრესმენი ჯიმ მარშალი (ჯორჯიის შტატი).
დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის სპიკერ დავით ბაქრაძეს, მთავრობის სხვა წევრებსა და პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლებს შეხვდება. დელეგაციაში არიან დემოკრატი კონგრესმენები - ჯეინ ჰარმანი (კალიფორნია) და პიტერ ველჩი (ვერმონტი), აგრეთვე რესპუბლიკელი კონგრესმენები - ჩარლზ დენტი (პენსილვანია) და სინტია ლუმისი (ვაიომინგი).
შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებისადმი აშშ-ის მხარდაჭერა, აგრეთვე საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში.