ანაკლია საუკეთესო ადგილია პორტის ასაშენებლად, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, ანაკლიაში, ისევე როგორც ყოველთვის არის ყველაზე კარგი ამინდი, კლიმატი და პლაჟი.
"რის გამოც არ ვითარდებოდა საბჭოთა კავშირის დროს ეს ულამაზესი ადგილი იყო ის, რომ აქ იყო რუსული სამხედრო ბაზა. დღეს აქ შენდება რამდენიმე დიდი სასტუმრო, გაკეთდა საუკეთესო ბულვარი და პლაჟი განმუხურში. რაც მთავარია, წარმოუდგენელი ენთუზიაზმი არის ადგილობრივ მოსახლეობაში", _ განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ დღეს ანაკლიაში ყველაფერი "დახუნძლულია მუშებით" და ყველგან მუშაობა მიმდინარეობს.
"აქ დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომელზედაც რამდენიმე წელია ლაპარაკობენ და ვერავინ ხელი ვერ მოკიდა. როგორც ვიცი კერძო ინვესტორმა დაიწყო მუშაობა და ამ მიწაში რამდენიმე მილიონი გადაიხადა, რადგან აქ არის ყველაზე კარგი აკვატორია, ყველაზე ღრმა ნაწილია მთელს შავ ზღვაზე და აქ არის საუკეთესო ადგილი პორტის ასაშენებლად", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.