საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი პარლამენტის საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების აპარატს მისთვის სამუშაო პროცესის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება გია ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ამ განცხადების გაკეთება დაგეგმილი არ ჰქონდა, თუმცა აღნიშნავს, რომ მის მიმართ პარლამენტის აპარატის მხრიდან ბოლო დროს განხორციელებული ქმედებები უსათუოდ ითხოვს რეაგირებას. ცაგარეიშვილის თქმით, გუშინ პარლამენტის აპარატმა პარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული მისი ბრიფინგის ანონსიდან მოხსნა ბრიფინგის თემა. ამას კი ცაგარეიშვილი მიზანმიმართულ ქმედებად აფასებს.
"ჩემი ბრიფინგის თემაა სახელწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობები და როგორც ჩანს სწორედ იმის გამო, რომ ამ თემას მედიის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი მოჰყვენოდა და საზოგადოებაც გაიგებდა იმას თუ როგორ ატყუებს მათ საკონსტიტუციო კომისია პარლამენტის აპარატმა ბრიფინგის თემა ვებ გვერდიდან შეგნებულად მოხსნა", - აცხადებს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ ეს არის დეპუტატის მუშაობისათვის ხელის შეშლა და მიიჩნევს, რომ ასეთ ქმედებებს პოლიტიკური შეფასებები უნდა მიეცეს.
ამასთან აღნიშნავს, რომ ეს ქმედება პირველი არ არის რაც მის წინააღმდეგ ხორციელდება და იმედოვნებს, რომ პარლამენტის თანამშრომლები ამის შემდეგ მაინც შეასრულებენ საკუთარ მოვალეობას ისე, როგორც კანონი ითხოვს და არა სააკაშვილის ინტერესების გათვალისწინებით.