საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს თუ არა თავის თანამებრძოლს, საქართველოს ექს-პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს ჯერჯერობით უცნობია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ყოფილი პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დრომდე ედუარდ შევარდნაძეს გორბაჩოვის საქართველოში ვიზიტთან ან შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ გორბაჩოვმა, რომელიც საბჭოთა კავშირს 1985 - 1991 წლებში ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ შევარდნაძე მოსკოვში მიიწვია სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. იმავდროულად კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს წევრად აირჩიეს. აღნიშნული თანამდებობა შევარდნაძემ 1990 წელს "მოსალოდნელი დიქტატურისადმი" პროტესტის ნიშნად დატოვა, იმავე წელს დატოვა პარტიაც. საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე, 1991 წელს, გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა მინისტრის პოსტს. იმავე წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლა ოფიციალურად გაფორმდა ბელოვეჟის შეთანხმებაში, ხოლო მისი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი გაუქმდა.
როგორც ცნობიალია, 7 სექტემბერს, საქართველოში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი ჩამოვა. მასთან ერთად, საქართველოს აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯეიმს პერი, მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორი დიმიტრი ტრენინი და საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი ეწვევიან. ამის შესახებ "World Leaders Travel" იუწყება.
აღნიშნული ვიზიტი მსოფლიო ლიდერების მე-5 სიმპოზიუმის ფარგლებში განხორციელდება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას საქართველოს, თურქეთის, უკრაინის და აზერბაიჯანის ახალგაზრდა ლიდერები მიიღებენ. წინასწარი ინფორმაციით ყოფილი მსოფლიო ლიდერები ბათუმში ჩავლენ. საქართველოს შემდეგ უცხოელი სტუმრები აზერბაიჯანში გაემგზავრებიან.
აღნიშნული სიმპოზიუმი სექტემბერში იმართება. სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილი ლიდერების მოგზაურობა მოსკოვში დაიწყო და სტამბულში დასრულდება.