დღეს, 3 სექტემბერს, კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ჯეიმი მაკგოლდრიკი პანკისის ხეობაში წყალდიდობისაგან დამცავი სამუშაოს დაწყების შესახებ განცხადებას გააკეთებენ.
პანკისის ხეობაში ალაზნის არხის, მთის ხევების კალაპოტების გაწმენდა და ნაპირსამაგრი სამუშაო გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით განხორციელდება. სამუშაო რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.Pპირველ ეტაპზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით, 60.000 ლარი გაიხარჯება.
სამუშაოები სოფელ ჯოყოლოდან დაიწყება. სექტემბრის ბოლომდე ალაზნის არხისა და მთის ხევების 9-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდება. სამუშაოზე 30 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.
"ბოლო პერიოდში კახეთში მოსულმა სტიქიამ პანკისის ხეობა რამდენჯერმე დააზარალა. ამ სამუშაოების განხორციელება საშუალებას მოგვცემს მოსახლეობამ თავიდან აიცილოს წყალდიდობით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი", - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
გაეროს განვითარების პროგრამა პანკისის ხეობაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებსაც გეგმავს.