ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი დღეს ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებოდა. როგორც "ჯი-ეჩ-ენს" ახალგორიდან აცნობეს, კოკოითიმ ახალგორში რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ მშენებარე სამხედრო ქალაქი მოინახულა.
სეპარატისტთა ლიდერმა რუს ექიმებს რაიონში ჰუმანიტარული აქციის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსნებთ, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ ახალგორის რაიონში, საველე მრავალფუნქციურ ჰოსპიტალ "ზაშჩიტაში" რუსი ექიმები რაიონის მოსახლებას უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ორი კვირის განმავლობაში უტარებდნენ.
ახალგორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 28 სექტემბერს ე. წ. სამხრეთ ოსეთის ე. წ. პრემიერი ვადიმ ბროვცევი და მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც საველე ჰოსპიტალი და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სამხედრო ქალაქი მონახულეს. მათთან ერთად რაიონს რუსი გენერლებიც სტუმრობდნენ, რომლებმაც ქსნის ერისთავების სახლ-მუზეუმიც დაათვალიერეს.
უწყებათაშორისი ჰუმანიტარული აქცია "ურთიერთდახმარება. თანამშრომლობა. უსაფრთხოება" აგვისტო-სექტემებერში რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მდედვედევის გადაწყვეტილებით ტარდება. აქცია ახალგორში დღეს დასრულდა და საველე ჰოსპიტალს უკვე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიტანენ.
აქციაში აქტიურად არინ ჩართულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული რუსი მესაზღვრეებიც.