სეპარატისტულ აფხაზეთში მოქმედი ფირმა "კონტინენტის" თანამშრომლები აფხაზეთის ე. წ. შს სამინისტროსთან სტიქიურ მიტინგს მართავენ. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ისინი სამართალდამცავი ორგანოებისგან ითხოვენ ახსნა-განმარტებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დააკავეს მათი დირექტორი იგორ ვაროვი.
ფირმა "კონტინენტის" დირექტორი იგორ ვაროვი აფხაზეთის ე. წ. შს სამინისტრომ რუსეთის მოქალაქის ანდრეი ჩულანოვისათვის იარაღის გამოყენებით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავა. აღნიშნული ფაქტი, აფხაზური მედიის ინფორმაციით, 2009 წლის ივნისში მოხდა.
ფირმის თანამშრომლები აღნიშნულ ბრალდებას აბსურდს უწოდებენ და ე.წ. სამართალდამცავი ორგანოებისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვენ.
ამას გარდა, რუსი ბიზნესმენის ვაროვის დაკავების გამო საგანგებო განცხადებით გამოვიდა აფხაზეთის ე. წ. გმირი ასლან კობახია.
"რუსი ბიზნესმენი იგორ ვაროვი ერთ-ერთი პირველი იყო იმ ინვესტორთაგან, რომლებიც ჯერ კიდევ არაღიარებულ აფხაზეთში საქართველოსთან ღია კონფრონტაციის პირობებში ჩამოვიდა. ამის მიუხედავად, ვაროვმა აფხაზეთში მსხვილი ბიზნესის ორგანიზება შეძლო და აფხაზეთის მოქალაქეობაც მიიღო. დღეისთვის იგი არის ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელი ყოველდღიური მოხმარების საგნებისა და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელი ქვეყანაში", _ აცხადებს კობახია და დასძენს, რომ მას ძალიან უკვირს, როცა "აფხაზეთის ხელისუფლება ერთი მხრივ იწვევს რუს ინვესტორებს ქვეყანაში, ხოლო მეორე მხრივ უსწორდება იმ ინვესტორებს, რომლებმაც დიდი რისკის ფასად არა მხოლოდ ჩადეს კაპიტალი ამ ქვეყანაში, არამედ მისი სრულფასოვანი მოქალაქეებიც გახდნენ".
კობახია ასევე აცხადებს, რომ "ხელისუფლება მიზანმიმართულად გეგმავდა ვაროვის ბიზნესის ლიკვიდაციის მოსამზადებელ სამუშაოს".