აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმს იმედი აქვს, რომ გაეროს წევრი, რომელიმე პატარა ქვეყანა კიდევ აღიარებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა.
"ის ქვეყნები, რომლებმაც სეპარატისტული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, ყველა გაეროს წევრია. ამის გათვალისწინებით, სეპარატისტებს კიდევ იმედი აქვთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რომელიმე წევრი, პატარა ქვეყანა კიდევ აღიარებს", - განაცხადა არეშიძემ.
რაც შეეხება ევროკავშირის სამშვიდობო მისიას, რომელის ოკუპირებულ რეგიონში შეშვებაზე აფხაზი სეპარატისტები კატეგორიულ უარს აცხადებენ, ექსპერტის შეფასებით, ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ევროკავშირის ქვეყნები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების კუთხით აქტიურად მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზი სეპარატისტები აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეროს დამკვირვებლების შეშვების შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ.
ამასთან, აფხაზი სეპარატისტები შეუძლებლად მიიჩნევენ ამ ფუნქციების შესრულებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ და თავის პოზიციას იმით ხსნიან, რომ ევროკავშირმა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხთან მიმართებაში ხისტი პოზიცია დაიკავა.
მასალის გამოყენების პირობები