აფხაზი სეპარატისტები აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეროს დამკვირვებლების შეშვების შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ. ამასთან დაკავშირებული პროექტის წარდგენას კი ისინი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე აპირებენ.
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ახალი პროექტით წარდგება. ეს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის რწმუნებულმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ გააკეთა.
მისივე თქმით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების სულ ოთხი პროექტი არსებობს - რუსული, ქართული, აფხაზური და სამხრეთოსური.
აფხაზური პროექტი ჩირიკბას თქმით, "ორი ძირითადი დებულებიდან შედგება - ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებიდან და რეგიონში სტაბილური და მშვიდობიანი სიტუაციის შენარჩუნების გარანტიის მოთხოვნიდან შედგება".
ამასთან ერთად, ჩირიკბა ასევე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, რომ შეთანხმების რეალიზაციის მექანიზმის ერთ-ერთ ელემენტად, შესაძლოა განხილული იყოს "აფხაზეთსა და საქართველოს შორის არსებული საზღვრის ორივე მხარეს გაეროს დამკვირვებლების განთავსების საკითხი".
"ეს არ იქნება სამშვიდობო ძალა, ეს შესაძლოა იყოს გაეროს დამკვირვებელთა საგუშაგოები, ანუ ჩვენი მხრიდან გაეროს საგუშაგო და ქართული მხრიდან ევროკავშირის საგუშაგო. ეს კონტიგენტი დააფიქსირებს სიტუაციას და გააკეთებს ანგარიშს იმ შემთხვევაში თუკი სიტუაციის ესკალაციას ექნება ადგილი", _ აცხადებს ჩირიკბა და დასძენს, რომ ყველა დეტალი ჯერ ჯერობით განხილვის პროცესში იმყოფება და "აფხაზური მხარე მზადაა სხვა ალტერნატიული ვარიანტების განსახილველად".
ამას გარდა, სოხუმი ასევე აცხადებს, რომ იგი არ არის წინააღმდეგი "არც თუ ისე დიდი გაეროს მისიისა" აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც იქნებოდა შუამავალი სოხუმსა და თბილისს შორის და ასევე ექნებოდა კონტაქტი რუსულ მხარესთან".
ამასთან ერთად, აფხაზი სეპარატისტები შეუძლებლად მიიჩნევენ ამ ფუნქციების შესრულებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ და თავის პოზიციას იმით ხსნიან, რომ ევროკავშირმა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხთან მიმართებაში ხისტი პოზიცია დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი მე-13 რაუნდი 14 ოქტომბერსაა დანიშნული.