რუსული კომპანია "როსნეფტი" სოხუმის მეათე საშუალო სკოლაში "როსნეფტ-კლასს" გახსნის და სკოლის შენობის კაპიტალურ რემონტს დააფინანსებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.
სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. განათლების მინისტრ ინდირა ვარდანიას ინფორმაციით, აღნიშნული სპეციალიზებული "როსტნეფტკლასის" გახსნის მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
"როსტნეფტკლასში" მოსწავლეები სოხუმის სხვადასხვა სკოლიდან ისწავლიან. გაძლიერებული იქნება ისეთი მაპროფილებელი საგნების სწავლება, როგორებიცაა ქიმია, ფიზიკა და მათემატიკა. თავად "როსტნეფტი" სკოლას შესაბამისი აღჭურვილობით მოამარაგებს და პედაგოგთა ხელფასის დანამატს დააფინანსებს", _ აცხადებს ვარდანია.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, სკოლაში სწავლება ორწლიანი იქნება და ამ კლასში მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ისწავლიან. კურსდამთავრებულებისთვის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისი მაპროფირებელი ადგილები დაიჯავშნება.