საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ მთავრობის მხრიდან პრემიერ-მინისტრის ანტიკრიზისულ საბჭოზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით უსაფუძვლო პასუხი იქნა გაცემული. ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა პაატა დავითაიას ინიციატივით გაიმართა, რათა პრემიერ-მინისტრს დევნილების განსახლებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე პასუხი გაეცა.
პრემიერ-მინისტრი სხდომაზე არ გამოცხადდა და ამის მიზეზად მთავრობის საპარალმენტო მდივანმა გია ხუროშვილმა ის ფაქტი დაასახელა, რომ მთავრობაში ერთი დღით ადრე არ იყო შესული წერილობითი შეტყობინება. როგორც დავითაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მსგავსი არც ერთ ნორმატიულ აქტში არაა ჩაწერილი მოთხოვნა, რომ სხდომის გამართვა მთავრობას ერთი დღით ადრე უნდა ეცნობოს.
"ანტიკრიზისული საბჭო იმიტომ არის შექმნილი, რომ პრობლემების არსებობისას დროულად და დაუყონებლივ შეიკრიბოს. ანტიკრიზისული საბჭო შექმნილია პრეზიდენტის ბრძანებულებით და მასში არანაირი განმარტება არ არის, რომ პრემიერ-მინისტრისთვის ერთი დღით ადრე უნდა გვეცნობებინა", - აცხადებს დავითაია და დასძენს, რომ პრემიერ-მინისტრი ანტიკრიზისულ საბჭოს სხდომაზე სწორედ იმიტომ არ გამოცხადდა, რომ "მას სათქმელი არაფერი ჰქონდა".
საბჭოს წევრებისგან გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ანტიკრიზისული საბჭო უკვე უფუნქციო გახდა და საჭიროა თვითლიკვიდაცია გამოაცხადოს, დავითაია არ ეთანხმება, თუმცა აღნიშნა, რომ საბჭოს ფორმატის ცვლილებები აუცილებელია. როგორც დავითაია აღნიშნავს, ფორმატის შეცვლას თავად ანტიკრიზისული საბჭო ვერ მოახერხებს, ვინაიდან შექმნილია პრეზიდენტის ბრძანებულებით და იმედოვნებს, რომ ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატი პრეზიდენტის ბრძანებულებითვე შეიცვლება. რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს ცვლილებები, ამას დავითაია ვერ აკონკრეტებს და აღნიშნავს, რომ "ეს გადაწყვეტილება ერთობლივი ანლიზისა და მსჯელობის შედეგად უნდა იქნას მიღებული".