"ქრისტიან-დემოკრატები" სოფლის მეურნეობის სფეროში საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს პარალმენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
იგი გამოეხმაურა გუშინ პრეზიდენტის მიერ გარკვეული სახით მთავრობის სხდომის გამართვას და აღნიშნა, რომ ეს იყო "პრეზიდენტის მიერ დადგმული შოუ".
თარგამაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სააკაშვილი ახორციელებს ძველი რომაელების სახელმწიფო მმართველობის პრინციპს - "მიეცი ხალხს პური და სანახაობა", თუმცა მისი თქმით, სააკაშვილი ამ პრინციპს მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს იმით, რომ ხალხს აძლევს მხოლოდ სანახაობას და არ ფიქრობს იმაზე, რომ ხალხს სჭირდება პურიც. ამის დამადასტურებლად კი გუშინდელ მთავრობის სხდომასაც მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ იგი გუშინ ელოდებოდა ძირეულ ცვლილებებზე საუბარს, თუმცა ამის ნაცვლად პრეზიდენტმა კვლავ "შოუ დადგა".
"ველოდებოდით რომ არსებული კატასტროფული მდგომარეობის გათვალისწინებით სოფლის მეურნეობის მინისტრს მაინც გადააყენებდნენ და დაიწყებოდა ამ სფეროში ძირეული სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება, მაგრამ ამის ნაცვლად მივიღეთ ის მორიგი სანახაობა რაც გუშინ ყველამ იხილა", - აცხადებს თარგამაძე.
მისი თქმით, ქვეყანაში სურსათის 80 პროცენტი არის იმპორტირებული და ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში პროდუქცია მინიმალურადაც კი არ იწამოება და ამიტომ მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ძირეული ცვლილებების გატარება აუცილებელია.
"საჭიროა, როგორც საკადრო ასევე ძირეული ცვლილებების განხორციელება სოფლის მეურნეობის სფეროში და თუ ეს მოხდება, შემდეგ აღარც სახელმწიფოს დასჭირდება ფასების რეგულირებაში ჩარევა და აღარც სტატისტად მოგვევლინება", - განაცხადა თარგამაძემ.
იგი გამოეხმაურა პატრიარქის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქოს მიწები გადაეცეს მოსახლეობას და აშენდეს ახალი სოფლები. მისი თქმით, სწორედ ეს არის ის გზა, რაც ქვეყანაში დღეს შექმნილ პრობლემებს მოაგვარებს და წუხილს გამოთქვამს იმაზე, რომ ამ ინიციატივას არც პრეზიდენტი და არც პრემიერი არ გამოეხმაურა.
"ჩვენ ქრისტიან-დემოკრატები პატრიარქის ამ ინიციატივას სრულად ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ და იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ამ ინიციატივის განხორციელებას სათანადოდ დაუჭერს მხარს და ყველანაირად დაეხმარება" - განაცხადა თარგამაძემ.