საქართველოს მთავრობის მეთაური შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრის, სანდრო კვიტაშვილის მუშაობით კმაყოფილია. როგორც სახელმწიფო კანცელარიაში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ნიკოლოზ გილაურმა განაცხადა, ის სანდრო კვიტაშვილის მუშაობით კმაყოფილია. გილაურმა სანდრო კვიტაშვილის მიღწევებზედაც ისაუბრა და მას წარმატებული მინისტრი უწოდა.
"სანდრო კვიტაშვის მადლობა მინდა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რომელიც მინისტრის პოსტზე მუშაობისას გასწია. მისი მინისტრობისას საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა "სოფლის ექიმის" პროექტი. ეს იყო ახალი ინიციატივა. ამ ინიციატივამ გაამრთლა და სოფლის ექიმის ინსტიტუტი საკმაოდ წარმატებულად მუშაობს. წარმატებული იყო ასევე სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა. თუ 2006 წელს ქვეყნის მაშტაბით დაზღვეულ ადამიანთა რაოდენობა 40 ათასი იყო, დღეისთვის ეს მონაცემები უკვე 1,5 მილიონს აღწევს. კვიტაშვილის მინისტრობისას საკმაოდ წარმატებული იყო ასევე ახალი საავადმყოფოების მშენებლობის პროექტი და 18 თვეში ქვეყნის მაშტაბით უკვე 46 ახალი კლინიკა გვექნება. მნიშვნელოვნად წარმატებული იყო ასევე სოციალურად დაუცველთა ბაზის სრულყოფა, რაზედაც ყოველთვის იყო გარკვეული ეჭვები და მისი მეთოდოლოგიაზე გარკვეული კითხვის ნიშნებიც იყო", - განაცხადა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო კვიტაშვილმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. კვიტაშვილი სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორის თანამდებობას დაიკავებს.