ხვალ, 1-ელ სექტემბერს, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში 1-ელ სექტემბერს მომხდარი ტერაქტიდან ექვსი წელი შესრულდება.
2004 წლის 1-ელ სექტემბერს, ოთხშაბათს, დილის 09:30 საათზე, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის #1 საშუალო სკოლის ეზოში ბავშვების საზეიმო შეკრების დროს, შენობას რამდენიმე ავტომობილი მიუახლოვდა. ავტომობილებში ნიღბიანი ტერორისტები ისხდნენ, მათ მუქი ტანისამოსი და ჯავშანჟილეტები ეცვათ. ნიღბიანებმა ავტომანქანიდან გადმოსვლისტანავე ჰაერში გასროლა დაიწყეს. დაახლოებით 50-მდე ბავშვმა გაქცევა სწორედ ამ დროს მოასწრო. ხოლო ისინი ვინც ეზოში დარჩნენ _ მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები _ ტერორისტებმა მძევლებად აიყვანეს. მძევლები ტერორისტებმა სკოლის შენობაში შეიყვანეს.
იმ დროისთვის გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ტერორისტებმა მძევლად 354 ადამიანი აიყვანეს, მაგრამ მოგვიანებით განთავისუფლებული მძევლები აცხადებდნენ, რომ ბოევიკებს სკოლაში გაცილებით მეტი ადამიანი ჰყავთ დატყვევებული და მათი რაოდენიბა 1000-ს აჭარბებდა.
რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბესლანის #1 სკოლას 17 ბოევიკი დაესხა თავს, მათ შორის იყვნენ როგორც მამაკაცები, ასევე ქალები. სულ მცირე ორ ქალს ე. წ. შაჰიდის ქამრები ჰქონდათ. დროთა განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ ბოევიკთა რაოდენობა არა 17, არამედ 20-25 ადამიანი იყო.
სკოლის შენობაში შესვლისთანავე ბოევიკებმა შენობის ყველა გასასვლელთან ბარიკადები ააგეს და კარები ჩახერგეს. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ისინი მოლაპარაკებებზე არ გამოდიოდნენ და საზოგადოებისთვის უცნობი იყო მათი მოთხოვნები.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა ასევე ის, რომ ბოევიკებმა სკოლის სპორტული დარბაზი დანაღმეს და ბავშვები იქ შეყარეს. უფროსები კი, მშობლები და მასწავლებლები, ცალკე ჰყავდათ დატყვევებული.
დანაღმული იყო ასევე სკოლის შენობის შემოგარენი. ტერორისტებმა განაცხადეს, რომ როგორც კი ხელმძღვანელობა სკოლის შენობის შტურმით აღების ბრძანებას გასცემდა, ყველა ნაღმს აამოქმედებდნენ და ყველაფერს ააფეთქებდნენ. სკოლის შენობის ყველა ფანჯარასთან ტერორისტებმა ცოცხალ ფარად ბავშვები ჩაამწკრივეს.
მას შემდეგ, რაც ბოევიკებმა სკოლის შენობა "აითვისეს" და ყველა მძევალი "საჭირო ადგილას დააბინავეს", ფანჯრიდან გადმოაგდეს ვიდოფირი და წერილი, სადაც სავაუდოდ მათი მოთხოვნები იქნებოდა ჩამოყალიბებული.
ვიდეოფირი ცარიელი აღმოჩნდა, წერილში კი ეწერა, რომ ტერორისტები ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩეჩნეთიდან რუსული ჯარის გამოყვანას, ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტთან ალესანდრე ზასოხოვთან, ინგუშეთის ხელმძღვანელთან მურატ ზიაზიკოვთან და ბავშვთა გადაუდებელი ქირურგიული ცენტრის დირექტორთან ლეონიდ როშალთან შეხვედრას ითხოვდნენ. სხვათა შორის, სწორედ ეს როშალი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბოევიკებთან 2002 წელს, მაშინ როდესაც მათ დუბროვკაზე თეატრალურ ცენტში მძევლები აიყვანეს.
ამას გარდა, ტერორისტები ითხოვდნენ იმ ბოევიკების გათავისუფლებას, რომლებიც ინგუშეთში სახელმწიფოებრივ ობიექტებზე თავდასხმის გამო ჰყავდათ დაპატიმრებული იმავე წლის 21-22 ივნისს.
ტერორისტებმა ასევე განაცხადეს, რომ ყოველ მოკლულ ტერორისტზე 50 მძევალს მოკლავდნენ, დაჭრილზე კი _ 20-ს.
სკოლის შენობის საქვაბიდან 15 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, მათ შორის 4 ბავშვის. ისინი ბოევიკების სკოლის შენობაზე თავდასხმის დროს საქვაბეში შეძვრნენ და დაიმალნენ.
ყველა სხვა ოფიციალურ პირთან მოლაპარაკების გამართვაზე ტერორისტები უარს აცხადებდნენ. მოგვიანებით მათ თავად დაასახელეს ტელეფონის ნომერი და განაცხადეს, რომ მხოლოდ ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტს, ინგუშეთის ხელმძღვანელსა და დოქტორ როშალს დაელაპარაკებდნენ.
1-ელ სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, სკოლის შენობაში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, მაგრამ კონკრეტულად რა მოხდა იმ დროს, ან ვინ აფეთქდა, დღემდე უცნობია.
დაახლოებით 20:00 საათზე ტერორისტები თავად დაუკავშირდნენ შტაბს და წყალი და სასმელი მოითხოვეს. მაშინ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენებმა განაცხადეს, რომ კონტაქტი იმდენად მოკლე დროის იყო, რომ მათ სკოლის შიგნით არსებული სიტუაციის დადგენა ვერ შეძლეს. ამავე დროს სამართალდამცავები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტერორისტები ბავშვებს "მეტ-ნაკლებად" ნორმალურად ეპყრობოდნენ და საპირფარეშოშიც გაჰყავდათ.
ბესლანში ექიმი ლეონიდ როშალი ჩავიდა და ტერორისტებტან მოლაპარაკებები დაიწყო. საღამოს დაწყებული მოლაპარაკებები 2 სექტემბრის დილის 03:00 საათამდე გაგრძელდა. მერე ბოევიკებმა კავშირი გაწყვიტეს. მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა - წყლის, საკვებისა და მედიკამენტების სკოლის შენობაში შეტანა ვერ მოხერხდა. ბოევიკები ასევე ფრთხილობენ, რომ საკვებში მათ ფსიქორტოპული საშუალებები არ შეეპარებინათ.
ტერორისტებმა მძევალთა ერთი ნაკადი, 26 ადამიანი, მეორე დღეს გაათავისუფლეს. ეს ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტის რუსლან აუშევის ჩარევის შედეგად მოხდა. 26 ადამიანიდან 11 ქალი და 15 ბავშვი იყო. მათ შორის ყველაზე პატარა თვე-ნახევრის, ყველაზე დიდი კი 8 წლის იყო.
მალე, როგორც იქნა, დუმილი დაარღვია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ბესლანის მოვლენაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
"ჩვენი უმთავრესი ამოცანა ახლა მდგომარეობს იმაში, რომ ვიხსნათ და გადავარჩინოთ მძევალთა სიცოცხლე", _ განაცხადა პუტინმა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ტერორისტთა მიერ ქალაქ ბესლანში სკოლის შენობის ბლოკირებისა და მძევლების აყვანის თითქმის პირველივე წუთიდან, ჩრდილო ოსეთში რუსეთის არმიის სამხედრო საჰაერო ძალებმა, ქალაქ ბესლანსა და მის შემოგარენში რუსული არმიის სპეცდანიშნულების რაზმების გადასროლა დაიწყეს. ეს მაშინ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარსარდალმა გენერალმა ვლადიმერ მიხაილოვმა პირადად დაადასტურა.
მიხაილოვი მაშინ აცხადებდა, რომ "ბესლანში გადასროლილი იქნება იმდენი რაოდენობის სპეციალისტი, რამდენიც საჭირო გახდება" მოსწავლეთა სიცოცხლის გადასარჩენი ღონისძიებების ჩასატარებლად.
თითქმის პირველივე წუთებიდან გადაკეტილი იყო ასევე საქართველოსთან საზღვარიც.
მეორე დღეს, 2 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ბოევკებმა უარი განაცხადეს საკვების, წყლის, მედიკამენტებისა და ჩეჩნეთში ან ინგუშეთში თავისუფალი დერეფნით გასვლაზე, მძევლების ნათესავებმა და ახლობლებმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ვიდეომიმართვა გაუგზავნეს, სადაც ბოევიკების მოთხოვნების შესრულებას სთხოვდნენ.
მესამე დღეს, 3 სექტემბერს, ბოევიკებთან კვლავ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ უშედეგოდ სრულდებოდა.
ამავე დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთა ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლევ ძუგაევმა, რომელმაც განაცხადა, რომ სკოლის შტურმი მანამ არ დაიწყება, ვიდრე არსებობს საშუალება მძევალთა მოლაპარაკებების გზით გათავისუფლებისა. ეს განცხადება ძუგაევმა 3 სექტემბერს, 01:30 საათზე გააკეთა.
ამ დღეს შტურმის დაწყებას ქალაქში არავინ ელოდა. უჩვეულო სიმშვიდე იყო და ამბობდნენ, რომ გაჩნდა იმედი ბოევიკებთან მოლაპარაკებისა, მაგრამ 13:05 საათზე სკოლის შენობასთან ორი მძლავრი აფეთქება გაისმა და სროლაც დაიწყო. დაიწყო შტურმი. ქალაქში ყველაფერი აირია, სკოლის მხრიდან ქუჩებში გამორბოდნენ დასისხლიანებული ქალები და ბავშვები. ისმოდა სროლისა და აფეთქების ხმა. ქალაქის თავზე ვერტმფრენები დაფრინავდა. ამავე დროს თავად ქალაქ ბესლანში ადგილობრივ ინგუშებსა და ოსებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ყველაფერი აირია. ბოევიკებმა იმ დერეფნის მიზანმიმართული დაცხრილვა დაიწყეს, საიდანაც მძევლები გამოჰყავდათ.
ქალაქში ინტენსიური სროლა და აფეთქებები გაგრძელდა. სკოლის შენობას მძლავრი აფეთქებების შემდეგ ცეცხლი წაეკიდა. აფეთქებები სკოლის შენობაში 18:20 საათზედაც ისმოდა. დღის ბოლოს ქალაქ ბესლანში წვიმა წამოვიდა.
სკოლის შტურმმა ბევრის სიცოცხლე შეიწირა. ტერორისტების ქმედებებმა, რამდენიმე ბოევიკის ხელში ჩაგდების ცდუნებამ და ძალიან ცუდად ორგანიზებულმა "სამაშველო ოპერაციამ" ოფიციალური მონაცემებით, 334 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის, ასევე ოფიციალური მონაცემებით, 186 ბავშვის. 700-ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.