ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის მოტომსროლელთა მე-4 სამხედრო დანაყოფი საბრძოლო სწავლებას გადის. ამის შესახებ სააგენტო "რესი" ჩრდილო კავკასიის სამხედრო დანაყოფის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსზე, პოდპოლოვნიკ ანდრეი ბობრუნზე დაყრდნობით იუწყება.
ბობრუნის განცხადებით, "ძარცემის" პოლიგონზე დანაყოფის ხელმძღვანელის, მაიორ სერგეი ჩერედნიკოვის ხელმძღვანელობით მოტომსროლელთა ტექნიკური სწავლება მიმდინარეობს. საველე სწავლება ბრძოლის ველზე პოზიციების დაკავებას, ჯავშანტექნიკის შენიღბვას, ნაღმების აღმოჩენას და სხვა დაბრკოლების გადალახვას ითვალისწინებს.
"ამ ეტაპზე დაიხვეწება საცეცხლე წერტილების დაკავებისა და მტრის განადგურების მიღწევის საკითხები. საწყის ეტაპზე კომპლექსური სწავლების ამოცანაა სამხედროების მომზადება ისე, რომ მათ ნებისმიერი რელიეფის პირობებში, ნებისმიერი ამინდის შემთხვევაში, შეძლონ ბრძოლა", - აღნიშნა საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა.